ღვინის მეხსიერება

ღვინო არის ჩვენი მეხსიერება და ღვინის მეხსიერება არის საქართველოს და ქართველი ხალხის უსიტყვოდ გადმოცემული ისტორია; როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობაც ვითარდებოდა - ყვაოდა ვენახები, იწურებოდა საუკეთესო ღვინო, იხვეწებოდა ჯიშები და პირიქით, ქვეყნის დაღმასვლა მევენახეობაზეც აისახებოდა და აჩერებდა მას.

8000 წელზე მეტია, რაც საქართველოში მეღვინეობამ დაიწყო განვითარება და მას შემდეგ ვაზი და ქართველი კაცი თანაშეზრდილია, ქართველს საკუთარი თავი არ ახსოვს ვაზისა და ღვინის გარეშე. რთულია, წარმოიდგინო ქართველების თავყრილობა, სადაც ღვინოს განსაკუთრებული ადგილი არ უკავია; ღვინოს ვსვამთ ჭირშიც და ლხინშიც, ღვინით ვხვდებით ახალი ადამიანის დაბადებას და ღვინით ვაცილებთ უკანასკნელ გზაზე ახლობლებს. ღვინო იყო, არის და იქნება ქართველების განუყრელი თანამგზავრი, იქნება სიხარულის თუ სევდის, ბედნიერების თუ მწუხარების თანაზიარი, რადგანაც წარმოუდგენელია ქართველი კაცი და ქართული ღვინო ერთმანეთის გარეშე. ღვინო ინახავს ყველა ჩვენს მოგონებას, ქართული ღვინო ჩვენი მეხსიერებაა, ჩვენი, როგორც რიგითი ადამიანების და ჩვენი, როგორც კოლექტიური ქართველების, 8000 წლიდან დღემდე.

ქართული ღვინო არის ის საძირკველი, რომელზეც თითოეული ქართველის რაობა დგას, რომელზეც ვაშენებთ ჩვენს ღირებულებებს, ცხოვრების წესს, ურთიერთობას ერთმანეთთან და ჩვენი ქვეყნის სიყვარულს. ჩვენი ღვინის გაქრობა ქართველი კაცისთვის ნიშნავს საკუთარი თავის, საკუთარი მეხსიერების დაკარგვას.

ამიტომაცაა, ქართული კულტურა და ღვინის კულტურა ასე მჭიდროდ გადაჯაჭვული ერთმანეთთან - ისინი ერთად მოევლინენ ქვეყანას, ერთად ჩამოყალიბდნენ, ერთად გამოიარეს 80-საუკუნოვანი უწყვეტი ისტორია, სავსე ომიანობით, მტერთან ჭიდილითა და თავდადებით, ბრძოლით გადარჩენისთვისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის. ამ საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ისე გადაებდნენ, ისე შეეზარდა ვაზი ქართველის ცხოვრების ყველა ასპექტს, იქნება ეს სულიერება, ხელოვნება თუ სამშობლოს სიყვარული, რომ რთულია, გაავლო ზღვარი მათ შორის და განაცალკევო ერთურთისგან.

ამ ღვთაებრივ კავშირს ქართველ კაცსა და ვაზს შორის კარგად ხედავდა მტერიც, რომელიც ქართველებს ამდენი საუკუნის განმავლობაში არასოდეს გვაკლდა. მტერმა იცოდა, რომ ქართული ვაზი იყო ქართველების იდენტობის საყრდენი და სწორედ ამიტომ, პირველი ყოველთვის ვაზს ჩეხავდა და წვავდა ვენახებს, ისწრაფვოდა რა ქართველებში ქართველობის ამოძირკვისკენ და ამისათვის ძირკვავდა ვაზს. მაგრამ ქართველ კაცს არასდროს დაუხრია თავი, ბედის ანაბარა არ დაუტოვებია ვაზი და ყველა ჯერზე, მშვიდობის დასადგურებისთანავე, მყისვე ვაზის ხელახლა დარგვასა და ვენახების ხელახლა გაშენებას მიჰყოფდა ხელს.

სწორედ ქართველი კაცის ამ უდრეკელობამ და თავაუღებელმა მონდომებამ მოიტანა დღემდე ქართული ვაზის ასობით ჯიში და მეღვინეობის უნიკალური ქართული კულტურა, რომელიც დღეს უკვე მთელი მსოფლიოს გაოცებას იწვევს და “ღვინის სამშობლოს” წოდებასაც დამსახურებულად გვანიჭებს.

ღვინო არის ის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ის დაღვრილი სისხლი, ის გადატანილი ომები, ის შეუპოვარი ბრძოლები, ის ხელშესახები თუ ხელშეუხებელი კულტურული ძეგლები, ის დაუმორჩილებლობა და გამბედაობა, ის შენარჩუნებული ქართველობა და სულიერება, რომელიც ქართველებს ვერცერთმა დამპყრობელმა და ვერანაირმა დროებამ ვერ წაგვართვა. ღვინო ინახავს ჩვენს ისტორიას და "ალაზანში" ვინახავთ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას - ვაგრძელებთ იმ მეხსიერებას, რომელიც ქართულ ღვინოში დღემდე ცოცხლობს.

ღვინის მეხსიერება